არის თუ არა დაცული საავტორო უფლებები საქართველოში?

საავტორო უფლებების და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას ნებისმიერ ქვეყანაში დიდ როლს ანიჭებენ.

საქართველოში საავტორო უფლებების დაცვას არეგულირებს კანონი ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ”. შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ საავტორო უფლება ვრცელდება როგორც გამოქვეყნებულ, ისე გამოუქვეყნებელ ნაშრომზე, რომელიც რაიმე ობიექტური ფორმით არსებობს. საავტორო უფლება ნაწარმოების შექმნისთანავე წარმოიშობა და მოქმედებს ავტორის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში. როგორც ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი აცხადებს, მიუხედავად კანონში საკმაოდ კარგად გაწერილი ნორმებისა, საავტორო უფლებები საქართველოში მაინც ირღვევა.

– საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების დაცვას მოქმედი კანომდებლობა უზრუნველყოფს, თუმცა ხშირად ავტორები ამ კანონში ვერ ერკვევიან და არ იციან, როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები. ჩვენს ქვეყანაში არის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ეროვნული ცენტრი ანუ „საქპატენტი“, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების დაცვას უზრუნველყოფს. ადამიანმა, რომელიც ამა თუ იმ გამოგონების, ან სამრეწველო ნიმუშის ავტორია, უნდა მიმართოს „საქპატენტს“, რათა თავისი საკუთრების რეგისტრაცია და აღრიცხვა უზრუნველყოს. გაცილებით რთულად არის საქმე შემოქმედებით სფეროში, ვინაიდან აქ ხშირად ხდება ინტელექტუალური საკუთრების წართმევა, მითვისება, ავტორის იგნორირება და მისი უფლებების შელახვა.

– ყველაზე მეტი დარღვევა რომელ სფეროშია?

– ალბათ უფრო მუსიკაში, რადგან მუსიკალურ წრეებში ხშირად ხდება, როდესაც სხვის მუსიკალურ ნაწარმოებს იყენებენ კომერციული მიზნით და მოგებას იღებენ – ეს დასჯადი საქციელია. ამ დროს აუცილებელია ავტორის თანხმობა, არადა ხშირად ხდება, როცა ყოველგვარი ნებართვის გარეშე იყენებენ მუსიკალურ ნაწარმოებს, მისი აუდიოდისკებზე ჩაწერა და რეალიზაციაც ჩვეულებრივი ამბავია. ეს ჩვენთან ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა. საქმე ეხება არა მხოლოდ ერთი პირის მიერ შესრულებულ სიმღერას, არამედ გუნდის მიერ შესრულებულსაც. ეს მაშინ, როცა ამა თუ იმ ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერების გამოყენებისას, ამ ანსამბლის ხელმძღვანელების თანხმობა აუცილებელია. მნიშვნელობა არა აქვს როგორ სურთ მისი გამოყენება – კონცერტზე, მხატვრულ ფილმში, თუ სხვა მიზნებისთვის.

-რა უფლება აქვს ამ შემთხვევაში ავტორს?

-ასეთი დარღვევის შემთხვევაში ინტელექტუალური საკუთრების ავტორს უფლება აქვს ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს. თუ ვიღაცამ მისი მუსიკა, ლექსი, მოთხრობა, ან სხვა სახის ნაწარმოები კომერციული მიზნებისთვის გამოიყენა, ავტორს შეუძლია დამრღვევს პასუხი სასამართლოს დონეზე მოსთხოვოს. არცერთ მუსიკალურ სტუდიას, გამომცემლობას, ან მედიასაშუალებას არა აქვს უფლება გამოიყენოს მხატვრული, ან მუსიკალური ნაწარმოები ავტორის ნებართვის გარეშე.

– ეს საკანონმდებლო ნორმები ტექნიკურ დარგზეც ვრცელდება?

– რა თქმა უნდა. იგივე სასჯელი ვრცელდება მაგალითად, სასაქონლო ნიშნების მითვისებაზე. სასაქონლო ნიშანი, ან ლოგო – ეს არის სიმბოლოების ერთობლიობა, რომელიც ერთი საწარმოს საქონელს, ან მომსახურებას მეორე საწარმოს საქონლის, ან მომსახურებისგან განასხვავებს. მაგალითად, „კოკა-კოლას“ მსგავსი სასაქონლო ნიშანი ვინმემ რომ გამოიყენოს, ეს სერიოზული დარღვევა იქნება. საქართველოში ყოფილა რამდენიმე დავა სასაქონლო ნიშნის მითვისების, ან მიბაძვის გამო. დარღვევები ამ სფეროშიც ძალიან ბევრია, პრაქტიკულად არ არის დაცული საავტორო უფლებები იმის გამო, რომ ავტორებმა კარგად არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ. სამწუხაროა, მაგრამ კანონით გაწერილი ნორმები პრაქტიკაში ვერ ხორციელდება. ამაში ჩვენ ვერც კანონს დავადანაშაულებთ და ვერც „საქპატენტს“, რადგან თვითონ ავტორები არ მიმართავენ ადვოკატებს და სასამართლოს. ინტელექტუალური საკუთრების ავტორები ჩვენთან იშვიათად ჩივიან თავიანთი უფლებების დარღვევის გამო.

-ალბათ, იგივე შეიძლება ითქვას გამოგონებებზე: არაერთი გამოგონება გაყიდულა ჩალის ფასად იმის გამო, რომ მათ ავტორებს მატერიალურად უჭირდათ.

-თუ ადამიანმა გაყიდა თავისი გამოგონება, ან მისი გამოყენების უფლება სხვას გადასცა, მაშინ ეს უკანონობა არ არის: ავტორის გადასაწყვეტია თავის გამოგონებას კაპიკებად გაყიდის თუ მილიონებად. უკანონობაა ის, როდესაც ამა თუ გამოგონებას უკანონოდ იყენებენ. ამ სფეროშიც ძალზე ხშირად ყოფილა მითვისების შემთხვევები.

-და ბოლოს, როგორ უნდა დაიცვან ინტელექტუალური საკუთრების ავტორებმა თავიანთი უფლებები?

-თუ ვინმეს საავტორო უფლებები დაირღვა, ავტორმა სასამართლოს უნდა მიმართოს და ზარალის ანაზღაურება მოითხოვოს თანხის გადახდით. თუმცა, საქართველოში ეს იშვიათად ხდება: მხოლოდ ერთეულები მიმართავენ სასამართლოს, რომ თავიანთი საავტორო უფლებები დაიცვან.

By | 2019-10-10T14:47:24+00:00 ივნისი 30th, 2019|ბლოგი|0 Comments