fbpx

ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული გლეხები სამართალს დღემდე ეძებენ – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სიმინდის მარცვალი უხარისხო იყო“

27.03.2018

2011 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ სიმინდის ე.წ. ხელშეწყობის პროგრამა წამოიწყო. იმ დროს ითქვა, რომ ამ პროგრამის მიზანი ფერმერების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის განვითარება იყო.

საქართველოში დიდი რაოდენობით ჰიბრიდული სიმინდის მარცვალი შემოიტანეს და მოსახლეობას დაურიგეს. მაშინ ამბობდნენ, რომ ეს სიმინდი გენმოდიფიცირებული და უხარისხო იყო. სამწუხაროდ, ჰიბრიდული სიმინდი მართლაც უხარისხო აღმოჩნდა და მის გამო ათასობით ფერმერი დაზარალდა.

რა მდგომარეობაში არიან დღეს ისინი და თუ აუნაზღაურა ვინმემ მიყენებული ზარალი? – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრა:

-ბატონო ირაკლი, არსებობს მოსაზრება, რომ გლეხებმა ჰიბრიდულ სიმინდს ვერ მოუარეს და მოსავალი ამის გამო ვერ მოიყვანეს. რამდენად ახლოს არის ეს სიმართლესთან?

-ეს მტკნარი სიცრუეა: მოსავალი მასობრივად არ მოვიდა და ამ პროგრამით კმაყოფილი ფერმერი მე არ მინახავს. მოსავალი იმ ხალხმაც ვერ მოიყვანა, ვინც ნაკვეთს სათანადოდ მოუარა და ყველა რეკომენდაცია შეასრულა. მე ბევრ მათგანთან მქონია შეხება და ყველა ამბობს, რომ მოსავალი ვერ მიიღო. მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, სადაც ფერმერები ამტკიცებენ, რომ ეს მარცვალი უხარისხო იყო, ამის დასტურად ადვოკატებსაც უამრავი მტკიცებულება გაგვაჩნია.

-თქვენ ამჟამადაც აწარმოებთ რამდენიმე ფერმერის საქმეს. დაწვრილებით გვიამბეთ, რატომ ვერ აღწევს ამ პროგრამით დაზარალებული ხალხი სამართალს?

– ჰიბრიდული სიმინდი „სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ დაარიგა, რომელიც 100 %-ით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა. 1 ჰექტარზე დასათესი სიმინდის ფასი 240 ლარი იყო. ფერმერები იმ თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვენ, რომელიც უხარისხო სიმინდის მარცვალში გადაიხადეს. ზოგიერთმა ჰიბრიდულ სიმინდში 15-20 ათასი ლარიც კი გადაიხადა. რამდენიმე მათგანის ადვოკატი მე ვარ და მათი ვინაობის გამხელაც შემიძლია. ეს ფერმერები არიან: მუხრან მეტრეველი, პაატა დოლენჯაშვილი, ლევან გულუა და ბონდო ალქაფაშვილი. ოთხივემ შეიტანა სარჩელი და პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლო მოიგო: სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და „სოფლის მეურნეობის კორპორაციას“ მათ სასარგებლოდ 86 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. მართალია, პირველ და მეორე ინსტანციაში საქმე მოვიგეთ, მაგრამ კორპორაციამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. „სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ ამას ნაწილობრივ მიაღწია და ახლა უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარესაა სიმართლე.

-რას აპირებენ ფერმერები, თუ კორპორაცია თანხას არ დაუბრუნებს?

-ჩვენ ამ ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დავაყადაღეთ და თუ „სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ თანხას არ გადაიხდის, ეს ქონება აუქციონის წესით გაიყიდება. ეს ქონება ქობულეთში, ზღვის სანაპიროდან 800 მეტრზე მდებარეობს და საკმაოდ ღირებულია.

– როგორ ფიქრობთ, ვის მხარეს დაიჭერს უზენაესი სასამართლო?

-საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ამ საქმეში კორპორაცია აქტიურობს და ცდილობს, ყველანაირი ბერკეტი გამოიყენოს. რატომ? – უზენაესი სასამართლო პროცესს მხოლოდ იმ შემთხვევაში მართავს და საჩივარს მაშინ განიხილავს, როცა მიიჩნევს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება არასწორია. ამ შემთხვევაშიც, უზენაესმა სასამართლომ საჩივარი დასაშვებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეიძლება პირველი-მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს სასარგებლოდ შეიცვალოს. წესით, უზენაეს სასამართლოს უარი უნდა ეთქვა საქმის განხილვაზე და არ უნდა მიეღო, ვინაიდან არ არსებობს ამის სამართლებრივი წინაპირობა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ სიმინდის მარცვალი უხარისხო იყო. ეს დაადასტურა ლაბორატორიულმა კვლევებმა, მოწმეთა ჩვენებებმა და ბოლოს, თვით სასამართლომაც. ამიტომ, არსებობს ალბათობა, რომ გადაწყვეტილება შეიცვალოს.

-როდის გაიმართება სასამართლო პროცესი?

-პროცესი გაიმართება ამა წლის 18 მაისს, 12 საათზე. ამ საქმით დაინტერესებულ პირებს და ყველას, ვისაც ელემენტარული სამართლიანობის შეგრძნება აქვს, ყველა მედიასაშუალებას ვთხოვ დამიკავშირდნენ და მე მზად ვარ ყველას დავუსაბუთო ჩემი პოზიციის სისწორე და მართებულობა. მზად ვარ მედიასთან აქტიურად ვითანამშრომლო, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გაშუქდეს. ეს არის ერთ-ერთი გზა საიმისოდ, რომ უზეანესმა სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება ვერ მიიღოს. „სოფლის მეურნეობის კორპორაცია“ დარწმუნებულია, რომ პროცესს მოიგებს, რადგან ყველაფერი „ზემოთ“ წყდება. ამიტომ არის აუცილებელი მედიის აქტიურობა ამ საქმეში.

-საინტერესოა, სხვა ფერმერებმა თუ იბრძოლეს თავიანთი სიმართლის დასამტკიცებლად?

-რამდენიმე საქმე უკვე მოვიგეთ. ეს ის ფერმერები იყვნენ, რომლებმაც სიმინდი ნისიად წამოიღეს და მარცვლის ფული ვეღარ გადაიხადეს. კორპორაციამ მათ უჩივლა, მაგრამ პროცესი წააგო და ფერმერებს თანხის გადახდა აღარ დააკისრეს. სამწუხაროდ, ეს ერთეული შემთხვევებია, რადგან ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულთა დიდმა ნაწილმა სიმართლისთვის არ იბრძოლა. ბევრმა სარჩელი არ შეიტანა, რადგან ხარჯებს მოერიდა, ზოგს ფული არ ჰქონდა, ზოგი ფიქრობდა, რომ სახელმწიიფო ორგანიზაციას საქმეს ვერ მოუგებდა… მოკლედ, ათასგვარი მიზეზის გამო შეიკავეს თავი. სხვათა შორის, ბოლო დროს ამ მიზნით ბევრი ფერმერი დამიკავშირდა, მაგრამ სარჩელი უკვე ხანდაზმულია, ამის გამო პროცესს წააგებენ. გასაჩივრების ბოლო ვადა დაახლოებით 1 წლის წინ ამოიწურა, ამიტომ, ვინც მოასწრო და თავისი სიმართლის დაცვა გადაწყვიტა, იმ ხალხს მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი მთელმა ქართულმა საზოგადოებამ

By | 2019-10-10T15:53:21+00:00 მარტი 27th, 2018|ბლოგი|0 Comments