ფრთხილად – სწრაფი სესხები

“მომხმარებელს 300 ლარის ნაცვლად ხშირად 1800, 2000 ლარის დაბრუნება უწევს”

“აიღე 250-დან 3000 ლარამდე სესხი ყველაზე სწრაფად, გადავადების საკომისიოს გარეშე” – ამგვარი შინაარსის სმს-ები ჩვენს ტელეფონში ლამის ყოველდღე ჩნდება. სესხს გვთავაზობენ ინტერნეტით, სოციალური ქსელებით, სწრაფი სესხის შესახებ გვატყობინებენ ვებგვერდები, სადაც ამგვარი განცხადებების ადგილი თითქოს არ არის. ადამიანი, რომელსაც ფული სჭირდება და თანაც, სასწრაფოდ, ამ შემოთავაზებას იოლად ჰყვება, ნასესხებ თანხას უკან დროულად ვერ აბრუნებს და ბოლოს დიდ უსიამოვნებაში ეხვევა.

ამ თემაზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება, რომელიც ონლაინსესხებით დაზარალებულ არაერთ ადამიანს შეხვედრია:

– საქართველოში ძალიან მომრავლდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც სწრაფ სესხებს გასცემენ. სესხის აღება ინტერენტითაც შეიძლება, თანაც სულ რამდენიმე წუთში. ონლაინსესხის გაცემისას მათი პირობები ხშირად კაბალურია და მსესხებელს ძალიან აზარალებს. საერთოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სწრაფი სესხის ასაღებად ის პირი მიმართავს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს. ვინაიდან დიდი პროცენტის გადახდა უწევს, ნასესხები თანხის დაბრუნებას თავის დროზე ვერ ახერხებს.

– ბატონო ირაკლი, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რომელიც ონლაინსესხის აღებას გადაწყვეტს?

– როდესაც ადამიანი სესხს ინტერნეტით იღებს, არ იცის რა ხალხთან, ან რა ორგანიზაციასთან აქვს საქმე. ამიტომ, ყველას ვურჩევ, დეტალურად გაარკვიოს ის პირობები, რომელსაც ესა თუ ის მიკროსაფინანასო ორგანიზაცია გვთავაზობს და თუ სხვა გამოსავალი არა აქვს, მხოლოდ მაშინ აიღოს სესხი. ყველა ამ ორგანიზაციას აქვს თავისი ვებგვერდი, მიუხედავად იმისა, რომ იქ მოცემული ინფორმაცია მშრალია, მაინც უნდა გაეცნოთ, თუმცა ჯობია დარეკოთ და ყველა დეტალი გაარკვიოთ. აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპერატორები, რომლებიც ამ ზარებს პასუხობენ, კლიენტებს სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიან და მხოლოდ ზერელე ინფორმაციით შემოიფარგლებიან. ზოგჯერ კი, არასწორ ინფორმაციასაც აწვდიან. კიდევ ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ: მართალია, ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას კაბალური პირობები აქვს, მაგრამ მათ შორის რაღაც განსხვავები მაინც არის და მსესხებელმა ეს განსხვავება უნდა გაითვალისწინოს.

–  თუმცა, ყველა მათგანი ამტკიცებს, რომ პირველი სესხი უპროცენტოა.

– გეთანხმებით, ზოგჯერ მითითებულია, რომ პირველი სესხი უპროცენტოა, მაგრამ ეს შეთავაზება ყველა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არა აქვს. თანაც, უპროცენტო შეიძლება იყოს სესხი 300 ლარის ფარგლებში, მაგრამ კლიენტი უფრო მეტ თანხას თუ გაიტანს, მაშინ უკვე პროცენტიანია. ზოგიერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას პირველ ეტაპზე მართლაც აქვს უპროცენტო სესხები, ზოგს კი – არა აქვს. მსესხებელმა ამ ნიუანსს ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს. მით უმეტეს, სესხის დროულად დაფარვის შემთხვევაშიც პროცენტი ძალიან მაღალია. ამის დასტურად რამდენიმე კონკრეტულ ფაქტს დავასახელებ: (ჩვენი კლიენტების ინტერესები რომ არ დაზიანდეს, ამ ადამიანების ვინაობას არ გავახმაურებ) თვენახევრის წინ გიორგი.ნ-მა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართა და სწრაფი სესხის სახით 1200 ლარი მიიღო, რომელიც 30 დღის ვადაში უკან უნდა დაებრუნებინა. მართლაც დააბრუნა ეს თანხა, მაგრამ პროცენტის სახით თითქმის 500 ლარი გადაახდევინეს. გამოდის, რომ 30 დღეში 1200 ლარიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ 500 ლარის მოგება მიიღო. მეორემ კი, 500 ლარი გამოიტანა და 30 დღის განმავლობაში დაახლოებით 800 ლარი მოსთხოვეს, ეს იყო პროცენტი მიუხედავად იმისა, რომ ფული თავის დროზე დააბრუნა. კიდევ ერთ შემთხვევაზე მოგიყვებით: მომხმარებელს 300 ლარის სესხი ჰქონდა გამოტანილი, გადააცილა 30 დღეს და მოგვიანებით შეიტანა ძირი თანხა, მაგრამ ეს თანხა ჯარიმაში და პროცენტში ჩაუთვალეს. ამიტომაც, სესხი ისევ დაუფარავი დარჩა. 4-5 თვის შემდეგ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მსესხებლისგან 1800 ლარის დაბრუნება მოითხოვა.

– ესე იგი, მისგან ექვსჯერ მეტი თანხა მოითხოვეს?

– დიახ, და ასეთი ფაქტები ძალიან ხშირია. პროცენტულად რომ გადავიანგარიშოთ, ზოგიერთი ასეთი ორგანიზაცია წელიწადში 600-700-პროცენტიან მოგებაზე მუშაობს. როგორ შეიძლება მომხმარებელმა 1200 ლარი ისესხოს და 500 ლარი დამატებით გადაახდევინო? ეს უფრო ყაჩაღობა და თაღლითობაა, სხვა სახელს ვერც კი დავარქმევ. ყველაფრის მიუხედავად, სქემა, რომლითაც ეს ორგანიზაციები ატერორებენ და ატყავებენ თავიანთ კლიენტებს, მშვენივრად მუშაობს. სწრაფი სესხი – ეს არის ნაცადი ხერხი, რომელმაც ჩვენთან გაამართლა, ამიტომაც მრავლდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ლამის ყოველდღე. მე, როგორც ადვოკატი, თანამემამულეებს ვურჩევ, რომ ჯობია ბანკს მიმართონ და იქიდან აიღონ თანხა, ვიდრე ონლაინსესხებით ისარგებლონ. მხოლოდ უკიდურეს სიტუაციაში შეიძლება ადამიანმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მიმართოს. საბანკო დაწესებულებებში უფრო დაცულია ადამიანის უფლებები და ბევრად უფრო შეღავათიანი პირობებია.

– დავუშვათ, ადამიანმა უკვე აიღო სწრაფი სესხი და დროულად ვერ აბრუნებს. ამ შემთხვევაში რა უნდა იღონოს?

– თუ უკვე გამოიტანეთ სწრაფი სესხი და ამ თანხას დროულად ვერ ფარავთ, მაშინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას გადავადების მოთხოვნით უნდა მიმართოთ. გადავადებისთვის ეს ორგანიზაციები სარგებელს იღებენ: თუ მომხმარებელს სესხი 30 დღის განმავლობაში უნდა დაებრუნებინა და ვერ აბრუნებს, გარდა პროცენტისა და პირგასამტეხლოსი, გადავადებისთვის კიდევ დამატებითი თანხის გადახდა მოუწევს. მე ყველას ვურჩევ, რომ თუ დროულად ვერ აბრუნებს გამოტანილ სესხს, არ ღირს ყოველ თვეში მცირე თანხის შეტანა, რადგან ეს თანხა მაინც პირგასამტეხლოსა და ჯარიმაში მიდის, ამას პროცენტიც ემატება და მთლიანობაში ეს თანხა დაკარგული გამოდის. დავუშვათ, ისესხეთ 500 ლარი და დროზე ვერ დააბრუნეთ, იხდით 50, ან 60 ლარს ყოველთვიურად, ეს თანხა მიდის ჯარიმაში და დაკარგულია, რადგან მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ ბოლოს შეიძლება 2000 ლარი და მეტიც მოითხოვოს. ამიტომ ჯობია მსესხებელმა საერთოდ არ გადაიხადოს არაფერი, რადგან ბოლოს მაინც სამმაგი და ოთხმაგი თანხის დაბრუნება მოუწევს. სამწუხაროდ, დროულად გადახდის შემთხვევაშიც პროცენტი შეუსაბამოდ მაღალია. ამიტომ მცირეოდენი თანხის შეტანას აზრი არა აქვს, ჯობია ამ ფულს თავი მოუყაროთ და ერთიანად გადაიხადოთ.

– ბატონო ირაკლი, ალბათ ბევრი არც ეცნობა სწრაფი სესხის პირობებს. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციის ვებგვერდზე ნათლად წერია, რომ ყველა გადაცილებულ დღეზე ჯარიმა ნასესხები თანხის 1 პროცენტია. ამიტომაც უწევს მსესხებელს სოლიდური თანხის გადახდა.

– ბევრი მართლაც არ კითხულობს ამ პირობებს. თუ 300 ლარს ისესხებთ, 1% დღეში 3 ლარია და ერთ თვეში 90 ლარის გადახდა მოგიწევთ, ამას ემატება გადავადების საფასური და 2-3 თვეში 300 ლარის ნაცვლად სულ ცოტა, 600 ლარი უნდა გადაიხადოთ. ჩემი აზრით, ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულირება, მარტო სასამართლოს ჩარევა საქმეს ვერ უშველის, თანაც სასამართლო ხშირად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სასარგებლო გადაწყვეტილებას იღებს, რადგან ბევრ მსესხებელს არა აქვს ადვოკატის აყვანის და თავის დაცვის საშუალება. ამით სარგებლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და მსესხებელს უძრავ-მოძრავ ქონებას უყადაღებენ. სასამართლო სავსეა ამ ორგანიზაციების საჩივრებით, რომლებსაც კლიენტებისგან 5-6-7-ჯერ მეტი თანხის ამოღება სურთ.

–  და მაინც, როგორ უნდა მოხერხდეს ამ ყველაფრის რეგულირება?

– ეს მხოლოდ ხელისუფლების ინიციატივით მოხერხდება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ზღვრული საპროცენტო განაკვეთები არა მარტო ონლაინსესხებთან, არამედ საერთოდ, სესხებთან დაკავშირებით. სასამართლოს უნდა მიეცეს საშუალება, რომ უსამართლობა აღკვეთოს და არაკეთილსინდისიერ ორგანიზაციებს ხალხის მოტყუების საშუალება არ მისცეს. ისინი მრავლდებიან, რადგან საქართველოში ბევრია ადამიანი, რომელიც სხვა გზას ვერ პოულობს და იძულებულია კაბალურ პირობებს დათანხმდეს. მიკროსაფინანასო ორგანიზაციას ძირითადად ის ხალხი მიმართავს, ვისაც ფული სასწრაფოდ სჭირდება, იმითაც იზიდავენ ხალხს, რომ მსურველმა ეს თანხა შეიძლება უცბად მიიღოს, ბანკში კი სესხის აღების პროცედურა გაცილებით რთულია და დროს მოითხოვს. ხშირად ამ ორგანიზაციებს სტუდენტებიც მიმართავენ. რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტისთვის 200 და 300 ლარი მნიშვნელოვანი თანხაა, ძალიან მაცდური პირობაა, რომ მომხმარებელმა ეს ფული შეიძლება უპრობლემოდ აიღოს. ისიც არ უკვირდება მოსალოდნელ შედეგებს, ვერ იხდის აღებულ თანხას და თანდათან ვალებში ვარდება. ამ რამდენიმე დღის წინ მომაკითხა კლიენტმა, რომელსაც ერთდროულად შვიდი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ვალი ჰქონდა დაგროვილი. თუ ასეთ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით, უმჯობესია სასამართლოს მიმართოთ და ადვოკატი აიყვანოთ. ამ შემთხვევაში იმაზე ბევრად უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოგიწევთ, რასაც თქვენგან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მოითხოვს.

By | 2019-10-11T14:18:20+00:00 სექტემბერი 20th, 2019|ბლოგი|0 Comments