ადვოკატის რჩევები: რა უნდა გავითვალისწინოთ ქონების ჩუქებისას?

უძრავ-მოძრავი ქონების გაჩუქება გავრცელებული მოვლენაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებშიც, თუმცა ამ მოვლენას შეიძლება დიდი გაუგებრობაც მოჰყვეს.

ამგვარ შემთხვევებზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება:

-ჩუქება ქონების გასხვისების ერთ-ერთი ფორმაა, ოღონდ, ნასყიდობისგან განსხვავებული ფორმა

– ჩუქების ხელშეკრულებით ადამიანი უსასყიდლოდ გადასცემს მეორე პირს თავის საკუთრებას. იმისათვის, რომ მჩუქებელმა ქონება გადასცეს, დასაჩუქრებულის თანხმობაა საჭირო. თუ მეორე მხარე თანახმა არ არის, ასეთ ჩუქებას ძალა არ ექნება. შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჯობია მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმონ. თუ საკითხი უძრავ ქონებას ეხება, ამ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს, ან ჩუქების აქტი ნოტარიუსმა უნდა გააფორმოს. თუ უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება სანოტარო წესით არ არის გაფორმებული, მას იურიდიული ძალა არ ექნება და საჯარო რეესტრში ვერ დარეგისტრირდება. ჩუქების ხელშეკრულებას მხარეებმა შეიძლება ხელი მოაწერონ საჯარო რეესტრში. ეს ორგანო დაარეგისტრირებს ქონებას, ან ნივთს მიმღების სახელზე, როგორც ეს ნასყიდობის შემთხვევაში ხდება. რაც შეეხება მოძრავ ქონებას – ტექნიკას, ავტომობილს, ან სხვა ნივთებს, მათი ჩუქების შემთხვევაში წერილობითი ხელშეკრულების გაფორმება სავალდებულო არ არის.

-რა შემთხვევაში არა აქვს ადამიანს ქონების გაჩუქების უფლება?

-ადამიანს ქონების გაჩუქების უფლება არა აქვს, თუ ამით საარსებო წყაროს უსპობს მის კმაყოფაზე მყოფ პირს. თუ ამ ქონებით გამჩუქებელი და მის კმაყოფაზე მყოფი ერთი, ან რამდენიმე პირი საარსებო წყაროს იღებს, მას უფლება არა აქვს ქონება გააჩუქოს. წინააღმდეგ შემთხვევაში იმას, ვინც გამჩუქებლის კმაყოფაზეა, უფლება აქვს სასამართლოს მიმართოს და ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვოს. დავუშვათ, ადამიანს აქვს ბინა, რომელსაც აქირავებს და ამ ფულით არასრულწლოვან, შრომისუუნარო შვილს ინახავს, მაშინ უფლება არა აქვს, რომ ეს ბინა გააჩუქოს.

-ბატონო ირაკლი, კიდევ რა გაუგებრობებს აქვს ადგილი ქონების გაჩუქებისას?

-ზოგჯერ ჩუქება ფიქტიურია: ჩვენს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც ქონებას ოჯახის წევრებს ჩუქნიან ვალდებულების თავიდან ასაცილებლად. მაგალითად, ადამიანს აქვს ბანკის, ან კერძო პირის ვალი, ქონება რომ არ დაუყადაღონ, ჩუქების ხელშეკრულებას აფორმებს და ამ ქონებას ოჯახის წევრს გადასცემს. მე ახლაც მყავს კლიენტი, რომელმაც ძმას თავისი ქონების ნაწილი აჩუქა. ეს ოჯახური გარიგება იყო და ჩუქება ოფიციალურად გაფორმდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მან სასამართლოში განცხადება შეიტანა და თავისი ქონების უკან დაბრუნება მოითხოვა იმ მოტივით, რომ დასაჩუქრებული ძმა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს. თუ მჩუქებელი უმადურობას გამოიჩენს გამჩუქებლის მიმართ და მას შეურაცხყოფას აყენებს, კანონი ქონების უკან დაბრუნებას ემხრობა.

-ჩუქება შეიძლება ამის გამოც გაუქმდეს?

– დიახ, მძიმე შეურაცხყოფის, ან დიდი უმადურობის შემთხვევაში გამჩუქებელს ქონების უკან დაბრუნება შეუძლია. ისიც უნდა ითქვას, რომ ბრალდება ზოგჯერ უსაფუძვლოა, უბრალოდ, ადამიანმა აზრი შეიცვალა და თავისი ქონების უკან დაბრუნება უნდა. მთავარია, გამჩუქებელმა მხარემ სასამართლოს თავისი სიმართლე აჩვენოს და დაუმტკიცოს. 2-3 პირის მოწმედ მოყვანა ასეთ დროს ყველას შეუძლია. შეიძლება მოწმეების დახმარებითაც დამტკიცდეს, რომ მჩუქებელი მას ცუდად ექცევა, შეიძლება ვიდეოჩანაწერი ჰქონდეს, ან სხვა გზით დაამტკიცოს. უნდა იცოდეთ, რომ გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება საჩივრის შეტანიდან 1 წლის განმავლობაში შეიძლება, 1 წლის ვადის გასვლის შემდეგ თქვენი მოთხოვნა უკვე ხანდაზმულად ჩაითვლება. გვაქვს შემთხვევები, როცა მშობელი თავის სიცოცხლეშივე ქონებას ერთ-ერთ შვილზე გააჩუქებს. მშობლის გარდაცვალების შემდეგ მეორე შვილი ჩუქების გაბათილებას ითხოვს. ამ შემთხვევაში მან უნდა დაამტკიცოს, რომ ჩუქება ფიქტიური ხასიათისა იყო, რაც საკმაოდ რთული მისაღწევია. სხვაგვარად ის მამის ქონებიდან წილს ვერ მიიღებს.

-დასაჩუქრებულ ადამიანს საგადასახადო ვალდებულებები თუ უჩნდება?

-რა თქმა უნდა, საჩუქრის მიმღებს საგადასახადო ვალდებულება წარმოეშობა: თუ პირველი რიგის მემკვიდრე არ არის, მან მიღებული ქონების ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს. მაგალითად: თუ საჩუქრად მიიღო უძრავი ქონება, რომლის ღირებულება არის 20 ათასი ლარი, საგადასახადოში 4 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს. თუ პირმა ქონება გააჩუქა პირველი-მეორე რიგის მემკვიდრეებზე – შვილებზე, დაზე, ძმაზე, მეუღლეზე, მათ საგადასახადო ვალდებულება არა აქვთ, მაგრამ თუ ქონება გააჩუქა მეგობარზე, ან სხვა ნათესავზე, რომელიც არ მიეკუთვნება პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეებს, მაშინ ქონების ღირებულების 20% უნდა გადაიხადოს. თუ გაჩუქებული ქონების ღირებულება ათას ლარს არ აღემატება, მჩუქებელს ეს ვალდებულება ეხსნება.

-დავუშვათ, მამაკაცმა თავისი ქონება მეორე ცოლს და მასთან შეძენილ შვილს აჩუქა, პირველ ცოლთან შეძენილ შვილებს თუ აქვთ უფლება, რომ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ?

-შვილებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ჩუქება ფიქტიურია, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ არა აქვთ უფლება, რომ ჩუქების ხელშეკრულება გააბათილონ, ეს სასამართლოს ძალით უნდა მოხდეს. ამ ფაქტებიდან გამომდინარე, ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ჩუქებით თავის ქონებას ასხვისებს და მას უკან ვეღარ დაიბრუნებს, ამიტომ მოსალოდნელი შედეგები კარგად უნდა აწონ-დაწონოს და თავის დროზე გაითვალისწინოს.

By | 2019-10-10T15:38:35+00:00 სექტემბერი 3rd, 2019|ბლოგი|0 Comments