როგორ დავიცვათ თავი სადაზღვევო კომპანიების ხრიკებისგან?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაზღვევის სისტემა ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა, ზოგიერთი სადაზღვევო კომპანია ცდილობს თავი აარიდოს დაკისრებულ მოვალეობებს.

რა დაბრკოლებებს აწყდება ჩვენი მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობისას? – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი ესაუბრება:

თუ დროულად არ დარეკავთ, დაზღვევის თანხას ვერ მიიღებთ

„კანონის მიხედვით სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ბენეფიციარს თანხა მაშინ აუნაზღაუროს, როცა ამის საჭიროება დადგება. არადა, როდესაც სადაზღვევო თანხის ანაზღაურების დრო დგება, ყველაფერს აფუჭებს ის, რომ ხელშეკრულებაში კაბალური პირობებია ჩადებული. კერძოდ, მაქსიმალურად შემჭიდროებულია ვადები, როცა კლიენტმა უნდა შეატყობინოს კომპანიას თავისი პრობლემის შესახებ. როგორც წესი, შეტყობინება ტელეფონით უნდა განხორციელდეს. ხშირად სადაზღვევო კომპანია აცხადებს, რომ ამ პიროვნებას კომპანიაში საერთოდ არ დაურეკავს და არაფერი შეუტყობინებია. ეს ხელოვნურად შექმნილი ბარიერია, რომლის გამოც დაზღვეული იძულებულია სატელეფონო კომპანიას მიმართოს და მიიღოს ინფორმაცია თავისი ზარის შესახებ. გარდა ამისა, სადაზღვევო კომპანია ავალდებულებს ბენეფიციარს, რომ მან 30 დღის განმავლობაში წერილობით მიმართოს და სადაზღვევო თანხა მოითხოვოს, ბევრი ამ პირობასაც ვერ ასრულებს“.

კომპანიები ისეთ დოკუმენტებს ითხოვენ, რომლის მოთხოვნის უფლებაც არა აქვთ

„ ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც ბენეფიციარს ყველა პროცედურა შესრულებული აქვს, მაგრამ სადაზღვევო კომპანია ხელოვნურად შექმნილი გზებით ცდილობს თანხა არ გადაიხადოს. ათიოდე დღის წინ პრეტენზიით მომაკითხა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კლიენტმა, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მანქანა დაუზიანდა. სატრანსპორტო საშუალება დაზღვეული იყო, მაგრამ კომპანიამ კლიენტს ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვა, რომელსაც არც ხელშეკრულება ითვალისწინებს და არც სადაზღვევო ზიანის განსაზღვრისთვის აქვს მნიშვნელობა. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიამ კლიენტისგან სატელეფონო ზარების ამონაწერი მოითხოვა. ჯერ ერთი, ადამიანის პირადი საუბრის მოსმენა დაუშვებელია და მეორე – მსგავსი დოკუმენტის წარდგენა საერთოდ არ იყო საჭირო. მოკლედ რომ ვთქვათ, სადაზღვევო კომპანიები ბენეფიციარებს ისეთ დოკუმენტებს სთხოვენ, რომლის მოთხოვნის უფლებაც არა აქვთ”.

რა უნდა გავითვალისწინოთ ჯანმრთელობის დაზღვევისას

ჯანმრთელობის დაზღვევის დროს ხშირად ხდება ასეთი რამ: კომპანია უცხადებს კლიენტს, რომ მისი დაავადება არ შედის სადაზღვევო მომსახურების სიაში. შეიძლება ოპერაციის, ან სხვა სახის მკურნალობის დასაფინანსებლად არც ისე დიდი თანხა ჰქონდეს გადასახდელი, მაგრამ სადაზღვევო კომპანია თანხის გადახდაზე მაინც უარს ამბობს. ჩვენ რამდენიმე ასეთი ფაქტი გადავამოწმეთ და ვნახეთ, რომ დაავადება, რომელზეც პაციენტს უნდა ემკურნალა, ნამდვილად იყო ჩამონათვალში. კარგია, თუ ასეთ დროს კლიენტი ადვოკატს მიმართავს. მეც რამდენჯერმე დამისაბუთებია, რომ სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო მკურნალობის ფული გადაეხადა და ეს თანხა კლიენტებს 3-4 დღეში აუნაზღაურეს, თუმცა ზოგჯერ ვერც ადვოკატის ჩარევა შველის, რადგან კომპანიას არ სურს თანხის გადახდა.

რა ხარვეზებია სოფლის მეურნეობის სექტორების დაზღვევაში?

“სოფლის მეურნეობის დარგში საერთოდ კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან ამ სფეროში დასაქმებულები უმეტესწილად ადვოკატსაც არ მიმართავენ და კომპანიის წარმომადგენელთა ზეპირ დაპირებებს უჯერებენ. შეიძლება სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი რაღაცას სიტყვიერად დაგვპირდეს, მაგრამ ამ ნათქვამს არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს და დაზღვეული დიდძალ თანხას კარგავს. მე მქონდა ასეთი შემთხვევა: ერთ-ერთ ფერმერს გურჯაანის რაიონში საკმაოდ დიდი ფართობი ჰქონდა დაზღვეული. ამ ადამიანს შეეძლო კომპანიისგან სულ ცოტა, 70 ათასი ლარი მიეღო, მაგრამ სადაზღვევო კომპანიამ დაიბარა და ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, რომ ის 30 ათას ლარზეც თანახმა იყო. ამ შემთხვევაში მოქალაქემ საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა, თუმცა იმ 30 ათასითაც კმაყოფილი იყო. როცა ვკითხე რატომ მოაწერე ხელი-მეთქი, სადაზღვევო კომპანიასთან ჭიდილი არ ღირსო – ასე მიპასუხა. ძალიან ხშირად სადავო ხდება ზიანის ოდენობის განსაზღვრაც: დავუშვათ, სტიქიის შემდეგ სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელი დროულად არ ცხადდება შემთხვევის ადგილზე, რომ ზიანი განსაზღვროს, მერე კი, დაზარალებული პირის მიერ წარმოდგენილ დასკვნას კომპანიაში საეჭვოდ მიიჩნევენ და ცდილობენ მას თანხა არ გადაუხადონ. სტიქიური უბედურების დროს, კომპანიას 30 დღის ვადაში მოეთხოვება ზიანის ოდენობის დათვლა, მაგრამ ასე არ იქცევა. მე მქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც სადაზღვევო კომპანიამ სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანი 30 დღის განმავლობაში არ აღწერა და ამის გამო დაზარალებულმა ოჯახებმა დაზღვევის თანხა ვერ მიიღეს”.

როგორ ავარიდოთ თავი კაბალურ ხელშეკრულებას

“ეს არის კაბალური პირობები და დაბრკოლებები, რომელიც კლიენტებს სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობის დროს ექმნებათ. მსგავსი შემთხვევები გაცილებით მეტია, მე მხოლოდ ჩემს პრაქტიკაში არსებულ ფაქტებზე გესაუბრეთ. ყველას ვურჩევდი, რომ ვიდრე ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ, კარგად გაეცნონ. ჩვენი მოქალაქეები ხშირად არც კითხულობენ, ისე აწერენ ხელს კაბალურ ხელშეკრულებებს. თუ ადამიანი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს და ვადებს დაიცავს, 100%-იანი გარანტია აქვს იმისა, რომ კუთვნილ თანხას მიიღებს”.

By | 2019-10-10T15:34:33+00:00 აგვისტო 15th, 2019|ბლოგი|0 Comments