როგორ არღვევენ დამსაქმებლები დასაქმებულთა უფლებებს

„თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, კანონით დაწესებული ნორმები მაინც უნდა დავიცვათ“

იმის თაობაზე, თუ როგორ, რა სქემით ირღვევა ადამიანის შრომითი უფლებები საქართველოში, ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვესაუბრება. მისი თქმით, ადვოკატებს ამგვარ დარღვევებთან ხშირად უწევთ შეხება.

– მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვა ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და დიდწილად განსაზღვრავს ამ ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში?

– ჩვენთან შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი საშუალო სტანდარტსაც ვერ უახლოვდება, რადგან დამსაქმებლები კანონით დაწესებული ნორმების დაცვასაც ვერ ახერხებენ. განსაკუთრებული დარღვევები ვლინდება სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებში, სადაც ძალიან ხშირად ხდება საკადრო ცვლილებები თანამდებობის პირთა სურვილის და მათი გადაწყვეტილების მიხედვით. ადამიანები, რომლებსაც აქვთ უფლება შეამცირონ, ან შეცვალონ დაწესებულების შტატები, ხშირად ამას ბოროტად იყენებენ და პირადი ინტერესების მიხედვით მოქმედებენ.

– რა სქემით მოქმედებენ ისინი?

– ყველაზე ხშირად ეს რეოგრანიზაციის სახელით ხდება: ხელმძღვანელი პირი ამცირებს რომელიღაც შტატს იქ დასაქმებული ადამიანის გათავისუფლების მიზნით. შეიძლება რეორგანიზაცია სულაც არ მოითხოვდეს ამ შტატის გაუქმებას, მაგრამ მაინც. 2-3 თვის შემდეგ კი, იმავე შტატს აბრუნებენ, ოღონდ ოდნავ შეცვლილი სახელწოდებით და იქ მათთვის სასურველ პირებს იღებენ. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. ზოგჯერ არანაირი რეორგანიზაცია არ ხდება, მაგრამ მუნიციპალიტეტი, ან საკრებულო მიიღებს რეკომენდაციას, რომ რომელიღაც შტატი არ სჭირდებათ და პირდაპირ აუქმებენ, რაც დაუშვებელია. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსისა და შრომის კანონმდებლობის უხეში დარღვევა, უფრო მეტიც, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ხშირად ადამიანის სხვა უფლებებიც ირღვევა, კერძოდ, სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს ეკუთვნის ორი თვის თანამდებობრივი სარგო ანუ ორი თვის ხელფასი, მაგრამ რეორგანიზაციის, ან გათავისუფლების შემთხვევაში, მას არც კომპენსაციას აძლევენ და არც არაფერს. ცალკე საუბრის თემაა როგორ იმართება შესარჩევი კონკურსები და ვის ენიჭება ამ დროს უპირატესობა.

-საინტერეოსოა როგორ იმართება?

– ჩვენდა სამწუხაროდ, იმართება კონკურსი და ირჩევენ სხვებთან შედარებით დაბალი კვალიფიკაციის მქონე პირს, რაც ნაცნობ-მეგობრობით, ნათესაობით, ან პარტიულობით არის ნაკარნახევი. სხვათა შორის, კერძო სექტორში უფრო დიდ უპირატესობას ანიჭებენ ადამიანის კვალიფიკაციას, რადგან კერძო ორგანიზაციის წარმატება მეტწილად იქ დასაქმებულ ადამიანებზეა დამოკიდებული.

-კერძო სექტორში რა სახის დარღვევებს აწყდებით?

-კერძო სექტორში უმეტესად საქმე გვაქვს სამუშაო დროის გადაჭარბებასთან: ნაცვლად 8 საათისა, თანამშრომლებს 10-12 საათს და უფრო მეტ ხანს ამუშავებენ. კანონმდებლობის მიხედვით ეს არის ზეგანაკვეთური სამუშაო და ადამიანს თითოეული საათი უნდა აუნაზღაურდეს, რომელიც სამსახურში დამატებით გაატარა. სამწუხაროდ, ეს მოთხოვნა საქართველოში არ სრულდება, უფრო მეტიც, ვინც ზეგანაკვეთურ ხელფასს მოითხოვს, შეიძლება კარისკენ მიუთითონ და სამსახურიდანაც გაუშვან. ფორმულირება მარტივია: “თუ არ გინდა, წადი!” დასაქმებულს სამუშაოს დაკარგვა არ სურს და იძულებულია იმ პირობებს დათანხმდეს, რომელიც აქვს. ირღვევა კანონის კიდევ ერთი მოთხოვნაც: წესით, დამსაქმებელმა თანამშრომელს გათავისუფლებამდე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს, თუ მის გათავისუფლებას აპირებს, მაგრამ საქართველოში ამ წესსაც არ იცავენ.

-თუ ჩივიან სასამართლოში ადამიანები, რომლებსაც დამქირავებელმა ხელფასი არ გადაუხადა?

-ასეთი ფაქტები ხშირად ხდება მარკეტებში, მცირე საწარმოებსა და კერძო ფირმებში. ზოგჯერ კომპანია ახალი დაარსებულია, ბაზარზე ადგილი არ დაუმკვიდრებია და შეიძლება რამდენიმე თვე ამუშაოს ადამიანი ისე, რომ ხელფასი არ გადაუხადოს. როგორც ჩანს, დამქირავებელმა არ იცის, რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა და კანონით ისჯება. სავაჭრო ობიექტებში კიდევ ერთ დარღვევას ვხვდებით: იქ დასაქმებულები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და მათი ხელფასი შესრულებულ სამუშაოსთან სრულიად შეუსაბამოა. როგორც წესი, ღამისთევის შემთხვევაში ანაზღაურება უფრო მეტი უნდა იყოს. გარდა ამისა, დამქირავებლები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ადამიანის ასაკს. როდესაც ვაკანსიას აცხადებენ, იქ მითითებულია ასაკობრივი ზღვარი, რომელიც ზოგჯერ 30-35 წელზე უფრო დაბალიც კია. ეს არის დისკრიმინაცია ასაკის მიხედვით, რაც კანონით არ არის დაშვებული. იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის ვიზუალურ მხარეზე, რასაც ბევრი დამქირავებელი აქცევს ყურადღებას. გარეგნობა ერთია და ადამიანის გონებრივი და ინტელექტუალური შესაძლებლობები – სულ სხვა. გაცილებით მძიმეა იმ ადამიანების ხვედრი, ვინც მშენებლობებზე, მაღაროებში და ისეთ ადგილას მუშაობს, სადაც უსაფრთხოების სტანდარტები არ არის დაცული და ეს მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, როდესაც რაღაც უბედურება ხდება.

– სად არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან? როგორ უნდა დაიცვას თავი ადამიანმა, რომლის შრომითი უფლებები ირღვევა?

-სხვათა შორის, ბევრი მათგანი მიმართავს სასამართლოს, მაგრამ სასამართლოში იმდენი განსახილველი საქმეა დაგროვილი და იმდენად არის გადატვირთული, რომ მათი საქმის განხილვა დროში იწელება. რა თქმა უნდა, დროის გაჭიანურება მათზე ძალიან მტკივნეულად მოქმედებს, ამიტომ საქმეში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, უნდა არსებობდეს უწყება, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს დაიცავს. მით უმეტეს, ჩვენი კანონმდებლობა ამ საკითხში საკმაოდ ჰუმანურია, უბრალოდ, თანამდებობის პირები არღვევენ ამ ნორმებს. ამიტომ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს ზომები, რომ საქართველოში მსგავსი რამ არ ხდებოდეს. სასურველია, ასეთ საკითხებში უფრო მეტად ჩაერიონ სახალხო დამცველის ინსტიტუტი და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლონ. თუ საჭიროა, რამდენიმე ადამიანი მაინც უნდა დაისაჯოს, რომ ეს სხვებისთვის მაგალითი გახდეს. მით უმეტეს, რომ ახალი შრომის კოდექსი უფრო მაღალ სტანდარტებს დააწესებს და თუ გვინდა მოწესრიგებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ეს სტანდარტები უნდა დავიცვათ.

By | 2019-10-10T15:21:48+00:00 მაისი 23rd, 2016|ბლოგი|0 Comments