ჰიბრიდული სიმინდით დაზარალებული გლეხები სამართლის ძიებაში

„გლეხებს დაუყადაღეს ქონება, ზოგიერთს კი – საცხოვრებელი სახლიც გაუყიდეს…“

წინა ხელისუფლების მიერ წამოწყებულ უშედეგო პროექტებს შორის ე.წ სიმინდის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა “ლიდერი” გახლდათ. პროგრამა 5 წლის წინ, „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ წამოიწყო. 2011 წლის გაზაფხულზე ქვეყანაში ე. წ ,,პიონერის“ ჯიშის სიმინდის სათესლე მარცვალი შემოიტანეს, რომელიც დაახლოებით 30 000 ჰექტარზე უნდა დაეთესათ. ფერმერთა დაინტერესების მიზნით წამყვანი ტელეკომპანიების ეთერში გადიოდა სარეკლამო რგოლები, იბეჭდებოდა ბროშურები, სადაც ეწერა, რომ ჰიბრიდული სიმინდი ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით ხუთჯერ მეტ მოსავალს იძლეოდა. ამ კამპანიის წყალობით, სიმინდი ათასობით გლეხმა შეიძინა, მაგრამ სიმინდი უხარისხო აღმოჩნდა და პროგრამამ არ გაამართლა. ამის გამო სახელმწიფო დაზარალებულ გლეხებს დახმარებას, სიმინდის თანხის ჩამოწერას და კომპენსაციებსაც კი დაჰპირდა, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.

როგორც ადვოკატმა ირაკლი უტიაშვილმა „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, დაზარალებული ფერმერები დღესაც ამაოდ ელიან სამართალს.

ირაკლი უტიაშვილი: რამდენიმე მათგანის ადვოკატი ვარ და ამ ხალხის პრობლემებს კარგად ვიცნობ. მათ ჰიბრიდული სიმინდი კონსიგნაციის წესით შეიძინეს ანუ ნისიად, საბანკო გარანტიის წარდგენის გზით. 1 ჰექტარ მიწაზე დასათესი სიმინდის მარცვალი 240 ლარი ღირდა, ამ პიარკამპანიით ძალიან ბევრი გლეხი და ფერმერი დაინტერესდა და ჰიბრიდული სიმინდი ათასობით მათგანმა შეიძინა.

– ბატონო ირაკლი, საქართველოს რომელ კუთხეებში შეიძინეს ეს სიმინდი?

– პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა და ჰიბრიდული სიმინდიც ყველგან იყიდეს. ეს ადამიანები სამმაგად და ოთხმაგად დაზარალდნენ: პირველ რიგში მათ დიდი სამუშაო შეასრულეს მცენარის მოვლისა და კარგი მოსავლის მისაღებად, რაც დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, სასუქის შესაძენად და სიმინდის შესაწამლად ბანკიდან სესხები აიღეს, მაგრამ მოსავალი მაინც ვერ მიიღეს. ეს ადამიანები დღესაც იხდიან ამ ვალებს. გარდა ამისა, სიმინდის მარცვლის ღირებულებაც გადასახდელი დარჩათ. როდესაც გაირკვა, რომ მარცვალი უხარისხო იყო და ნაყოფს არ იძლეოდა, სახელმწიფო დაზარალებულ ფერმერებს შეჰპირდა, რომ სიმინდის თანხას აღარ მოსთხოვდა. მათ დიდ ნაწილს უძრავი ქონება იპოთეკით ჰქონდა დატვირთული და მათ ვალდებულებებს გარანტორი კომპანიები უზრუნველყოფდნენ. ფერმერებმა სიმინდის ღირებულების თანხა ვეღარ გადაიხადეს, რის გამოც, ბევრ მათგანს გარანტორმა კომპანიამ საცხოვრებელი სახლი გაუყიდა.

– საინტერესოა, ამჟამად ვინ ედავება მათ?

– ჰიბრიდული სიმინდი ფერმერებს „სოფლის მეურნების კორპორაციამ“ მიჰყიდა. ეს კორპორაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიულ პირს წარმოადგენს. სწორედ მან შემოიტანა სიმინდის მარცვალი და მისი რეალიზაციაც მან უზრუნველყო. იმის ნაცვლად, რომ კორპორაცია დაეხმაროს დაზარალებულ ფერმერებს, პირიქით, მათგან თანხის ანაზღაურებას მოითხოვს. სხვათა შორის, წინა ხელისუფლების პერიოდში ამ ორგანიზაციას სასამართლოსთვის არ მიუმართავს და არც ერთი ფერმერის წინააღმდეგ სარჩელი არ შეუტანია. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი, სოფლის მეურნეობის კორპორაციამ სასამართლოს მიმართა და კონსიგნაციის წესით მიყიდული საქონლის ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა. ამის შემდეგ სასამართლომ ყადაღა დაადო მოპასუხე ფერმერების საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას და თუ ისინი დაკისრებულ თანხას ვერ გადაიხდიან, მათი ქონება აუქციონის წესით გაიყიდება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ „სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ ფერმერების წინააღმდეგ სარჩელები ცალ-ცალკე შეიტანა, არადა შეეძლო ერთიანად შეეტანა. რატომ? – ეს კორპორაციის ბრალეულობას დაამტკიცებდა – ოცდაათივე ფერმერი ერთად განაცხადებდა, რომ მათ უხარისხო სიმინდის მარცვალი მიჰყიდეს და მოსავალი ვერც ერთმა ვერ მიიღო, რა თქმა უნდა, ეს მათ ხელს არ აძლევდათ.

– რა რაოდენობის თანხა აქვთ გადასახდელი ჰიბრიდული სიმინდის პროგრამით დაზარალებულ ფერმერებს?

– ყველანაირი თანხა აქვთ ვალად დადებული: 7-8 ათასი ლარით დაწყებული, 15-20 ათას ლარამდე. ფერმერისთვის, რომელიც თავს საკუთარი მოსავლით ირჩენს და ეს მოსავალიც არ გაუმართლებს, ამხელა თანხის გადახდა იოლი არ არის. გამოდის, რომ ხელისუფლება ტყუილად შეჰპირდა ამ ადამიანებს სიმინდის თანხის ჩამოწერას. დღემდე ამ პირობის შემსრულებელი არავინაა.

– როგორც ვიცი, რამდენიმე მათგანის ადვოკატი ხართ და მათი საქმეები მოიგეთ. უფრო დაწვრილებით მოგვიყევით ამის თაობაზე.

– სამი მათგანის ადვოკატი ვიყავი, ორი საქმე ბოლომდე მივიყვანე, რადგან ურყევი მტკიცებულებები გვქონდა, მესამე ფერმერის საქმეც მოგებული მქონდა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა. ეს იყო უსამართლო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რადგან უზენაეს სასამართლოს მხოლოდ მაშინ შეუძლია საქმის გაუქმება, როდესაც ამ საქმეზე არასწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. სხვათა შორის, ეს გლეხი ლაგოდეხის რაიონიდანაა, მას 10 ათასი ლარის გადახდა უწევს და თუ ამ თანხას ვერ გადაიხდის, საცხოვრებელ სახლს გაუყიდიან. სასამართლომ დაახლოებით 30-მდე ასეთი საქმე განიხილა. მე პირადად, ყველას საქმე მოვიგე, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ადვოკატიც არ ჰყავდა, მათ მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ნაწილზე კი, „სოფლის მეურნეობის კორპორაციის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. იმ საქმეებზე, რომლებსაც მე წარმოვადგენ, არაერთი მტკიცებულება გვქონდა: დავამტკიცეთ, რომ შემოტანილი სიმინდი ჯანსაღი არ იყო. წარმოვადგინეთ სარეკლამო რგოლი, რომელიც გლეხებს არწმუნებდა, რომ ჰიბრიდული სიმინდი ხუთჯერ მეტ მოსავალს იძლეოდა. „სოფლის მეურნეობის კორპორაციამ“ ვერ დაამტკიცა, რას ნიშნავდა ხუთჯერ მეტი მოსავალი. დაზარალებული ფერმერებიც დაკითხეს და ყველამ დაადასტურა, რომ ჰიბრიდული სიმინდის მოსავალი საერთოდ არ აუღია.

– რა ბედი ელის ფერმერს, რომლის საქმეც უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნა – გაქვთ იმედი, რომ გაამართლებთ?

– ამის იმედი უკვე აღარ მაქვს, რადგან ის უკვე გამართლებული იყო სააპელაციო სასამართლოში. ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ უკან დააბრუნა ეს საქმე, ახლა უკვე სააპელაციო სასამართლო იხილავს და მის სასარგებლოდ ვეღარ გამოიყენებს გასამართლებელ მტკიცებულებებს. აშკარაა, რომ უზენაესმა სასამართლომ ამ ადამიანის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და მოგებული საქმე ჩახლართა. რატომ ხდება ეს? – ამ შეკითხვაზე პასუხს არავინ გვცემს. არ არის გამორიცხული, რომ აქ კერძო ინტერესებიც იმალებოდეს. ერთი რამ კი ცხადია: უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება – ეს არის სასამართლოს და კანონის შეურაცხყოფა, ამავე დროს – ადვოკატის პროფესიის შეურაცხყოფა და დაცინვაც… ამით უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოში სამართლიანი მართლმსაჯულება მხოლოდ მითია და სხვა არაფერი.

– ამ სირთულეების გამო დაზარალებული გლეხების დაცვაზე უარს ხომ არ იტყვით?

– მიუხედავად სირთულეებისა, ხელი მაინც არ ჩამიქნევია, მით უმეტეს, რომ სამივე საქმე მოვიგე, ამიტომაც არ ვაპირებ უკან დავიხიო და ამ ხალხის უფლებების დაცვაზე უარი ვთქვა. სახელმწიფო დაჰპირდა მათ დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას, მართალია, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ეს დაპირება უნდა შესრულდეს.

By | 2019-10-10T15:57:18+00:00 აპრილი 27th, 2016|ბლოგი|0 Comments